- დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია
- გლობალურ კულტურაში არსებობს ელიტარული სექტორი, რომელიც ხშირად ერთვის საქმიან კულტურას, ხშირად კი უპირისპირდება მას. ეს არის დასავლური ინტელიგენციის გლობალიზაცია, რომელსაც ბერგერმა უწოდა ინტელექტუალთა საკლუბო კულტურა (faculty club culture). მისი გავრცელება ხდება სახვადასხვა გზით: აკადემიური სტრუქტურებით, ფონდებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით. იგი ქმნის საკუთარ ბაზარს - ეს არის იდეები, ქცევის ნორმები, რომლებიც შექმილია დასავლელი, კერძოდ, ამერიკელი ინტელექტუალების მიერ, როგორებიც არიან ადამიანის უფლებათა დამცველები, სპეციალისტები და სხვანი. ინტელექტუალთა საკლუბო კულტურას აქვს ცენტრი და პერიფერია.ინტელექტუალთა საკლუბო კულტურის ცენტრი მხოლოდ დასავლეთში, კერძოდ, ამერიკაშია. დემოკრატიის კონსოლიდაციის ოთხი დონე – ფ ფუკუიამას თანახმად, დემოკრატიის კონსოლიდაცია მოხდება ოთხ დონეზე: იდეოლოგია, როგორც რწმენა იმისი, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა; ინსტიტუტები, რომელიც მოიცავს კონსტიტუციებს, სასამართლო და პარტიულ სისტემებს, საბაზრო სტრუქტურებს და ა. შ; მესამეა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოსაგან გამოცალკევებული და დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე დაფუძნებული სპონტანურად წარმოქმნილი2 სოციალური სტრუქტურების სამყაროა; იგი სახელმწიფოს მხრიდან მანიპულირებას ნაკლებად ექვემდებარება; მეოთხე დონე არის კულტურა; იგი ყველაზე ღრმაა და მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ოჯახის სტრუქტურა, რელიგია, მორალური ღირებულებები; დემოკრატიული ინსტიტუტების საყრდენი არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო თავად სამოქალაქო საზოგადოების წინამძღვარია კულტურა. ფ. ფუკუიამას აზრით, დასავლეთი სამართლიანი სოციალური წყობის აშენებას ცდილობს ზემოდან ქვემოთ, ანუ ამოსავალი წერტილია პირველი და მეორე დონე; ხოლო აღმოსავლური კულტურები მესამე და მეოთხე დონიდან იწყებენ და მიემართებიან ზევით. მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი არადასავლურ ტრადიციულ ქვეყნებში პირველივე დარტყმას კულტურას აყენებს; მათთვის დემოკრატიზაციის პროცესი კულტურის ტრანსფორმაციასა და შეცვლასთან არის პირდაპირ კავშირში. ამის გამო მათი რეაქცია საკმაოდ მძაფრია; როდესაც საუბარს იწყებენ დემოკრატიას, ადამიანის თავისუფლებასა და უფლებებზე, მათ მიღებაზე საკუთარ საზოგადოებაში, ამოსავალი წერტილი კულტურაა.Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.